ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქი – Army City“-ს მშენებლობა მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მახათას მთაზე, ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე პროექტის – „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობას გაეცნო.
ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1 092 ბინა განთავსდება.
სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. ხოლო, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.
სამხედროებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე, ითვალისწინებს ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.