თბილისს 21-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს
24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა, ელდარ აზიზოვმა მოაწერეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია დაძმობილების მემორანდუმი, რომელიც დღეს თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა. ჩვენს ქალაქებს შორის არსებობდა ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. იმედი მაქვს, მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და მეგობრული სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს ათასწლეულების ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ. ბევრი მიღწევა გვაქვს თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სახალხო დიპლომატია და ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობა. მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა ელდარ აზიზოვმა.
თბილისის მერის ბაქოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.