მეუფე შიო: ქრისტიანული ეკლესიის გზა სავსე იყო დევნით, შევიწროებით, უსამართლობით, განხეთქილებებით, მწვალებლობებით – ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუფრთხილდეთ ეკლესიას, მოვუაროთ მას
ქრისტიანული ეკლესიის გზა სავსე იყო დევნით, შევიწროებით, უსამართლობით, განხეთქილებებით, მწვალებლობებით, ამ მწვალებობლობათა დამარცხებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუფრთხილდეთ ეკლესიას, მოვუაროთ მას,– ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობას, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.
მან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, თორმეტი მოციქულის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა. დღევანდელი დღე აღესრულება, როგორც შემდგომი დღესასწაული გუშინდელი დღისა; გუშინ იყო თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენება. დღეს უკვე მთელი მოციქულთა დასის ხსენებაა, როგორც გაგრძელება გუშინდელი დღისა. მოციქულები იყვნენ საფუძველი ჩვენი ეკლესიისა. თქვენ იცით, ისინი იყვნენ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები. კარგად უნდა გვახსოვდეს მათი სახელები, დღეს სახარებაშიც იყო ჩამოთვლილი მათი სახელები, უნდა გვიყვარდეს და ვმადლობდეთ მათ, რადგან ისინი ჩვენთვის არიან უფროსი ძმები, ჩვენი წინამძღოლები, რომლებმაც დააფუძნეს ჩვენი ეკლესია და მოწოდებულნი იყვნენ, მთელ მსოფლიოში გაეტანათ უფალ იესო ქრისტეს სწავლება, ის მოძღვრება, რომელსაც უფალი მათ აძლევდა.
ჩვენ, ქართველები, ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენამდეც მოაღწია ამ სახარებამ, თანაც არა მარტო ერთმა მოციქულმა, არამედ ხუთმა მოციქულმა იქადაგა ჩვენს სამშობლოში. აი, ასეთი დიდი წყალობაა ჩვენს ერზე და დღეს ვართ ბედნიერი, რომ ვდგავართ სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელიც თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული; ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ეს დიდი სიხარული, ხარება, სწავლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენს ერს მოეცა, ჩვენი ერი გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. აი, რამდენი წყალობაა ჩვენზე.
ჯერ კიდევ ქრისტემდე გამორჩეული იყო ჩვენი ერი, როდესაც ილია წინასწარმეტყველის ხალენი ჩამობრძანდა აქ, შემდეგ – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც დაფლულია ამ შესანიშნავ ტაძარში და, რა თქმა უნდა, წილხვდომილობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მოციქულთა ქადაგება და შემდეგ მრავალი საღმრთო ნიშანი ჩვენი ერის გამორჩეულობისა, როგორიც იყო წმინდა ნინოს მობრძანება, სვეტიცხოველი და მასთან დაკავშირებული სასწაულები, წმინდა ნინოს ქადაგება, შემდეგ ავტოკეფალიის მოპოვება და სხვა. აი, ასეთი დიდი საუნჯის პატრონები ვართ.
საოცარია, რომ ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოციქულებმა იქადაგეს და დღეს ჩვენ კვლავ ვიკრიბებით ეკლესიაში და აღვასრულებთ იმავე მსახურებას, იმავე ევქარისტიას, ვეზიარებით იმავე წმინდა სისხლსა და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის დასტური იმისა, რომ წმინდა ეკლესიაში ცხოვრობს და სუფევს სულიწმიდა. ყველა ეპოქაში ასე იყო, ყველა ეპოქაში, მიუხედავად სირთულისა და დევნისა, ეს ორი ათასი წელი შენდებოდა „შენობა“ ეკლესიისა, რომელიც დააფუძნეს მოციქულებმა, ორი ათასი წელი იყო და არის ეკლესიაში სისავსე სულიწმიდისა, სისავსე ჭეშმარიტებისა, რომელიც ვერანაირმა ცრუ სიბრძნემ, ცრუ მოძღვრებამ ვერ დაარღვია და ვერ მოერია, უფრო მეტიც, „ბჭენი ჯოჯოხეთისანიც“ კი ვერ სძლევენ მას, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე.
თქვენ იცით, რა გზა გაიარა მართლმადიდებელმა, ქრისტიანულმა ეკლესიამ მთელი ამ ოცი საუკუნის განმავლობაში, ეს გზა სავსე იყო დევნით, შევიწროებით, უსამართლობით, განხეთქილებებით, მწვალებლობებით, ამ მწვალებობლობათა დამარცხებით და ა.შ. არასდროს ულხინდა ჩვენს ეკლესიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველთვის იყო ეს იწროება და სირთულეები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს ეკლესიაში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც მიისწრაფოდნენ და მიისწრაფვიან ზეცისკენ და ამას აღწევდნენ, მიუღწევიათ და დღესაც აღწევენ. აი, ეს არის ღვთის სასწაული, რომლის მომსწრეც ვართ დღეს და ვმადლობთ ამისთვის უფალს, ვმადლობთ და გვჯერა, რომ, მართლაც, ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ ჩვენს ეკლესიას. მაგრამ აი, ამ რწმენასთან ერთად ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მოვუფრთხილდეთ ეკლესიას, მოვუაროთ მას, რათა უბიწოდ შენარჩუნდეს მისი სწავლება, ძლიერი იყოს, რათა დღესაც იყოს შესაძლებლობა ამ სამოციქულო ქადაგების გაგრძელებისა, სამოციქულო სიტყვის ხალხისადმი მიწოდებისა, ეს არის მუშაობა – გონებრივი, სულიერი, გულისმიერი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ ჩვენი ეკლესია იყოს ძლიერი და მოქმედი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
ჩვენ, ყველა, მოწოდებული ვართ, რომ სამოციქულო ღვაწლი გავწიოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია. ყველაზე მცირე საკუთარ ოჯახში უნდა იყოს ადამიანი მოციქული, რადგან ოჯახიც ეკლესიაა, ქრისტიანულ ოჯახს ეწოდება მცირე ეკლესია. აი, ამ მცირე ეკლსიაში ადამიანი მოწოდებულია, მოაქციოს ადამიანები, მოიყვანოს უფალთან. პირველ რიგში, ვინ არიან მრევლი ამ სამოციქულო ღვაწლისა? ესენი არიან შვილები, რადგან ყველაზე დიდი მორჩილება, ყველაზე დიდი საქმე ამ წუთისოფელში – ეს არ არის მატერიალურის მოხვეჭა და წარმატებები სხვადასხვა სფეროში, არამედ სწორედ შვილების გაზრდა, აი, ეს არის სამოციქულო ღვაწლი, ამით ფასდება ადამიანი, თუ როგორი არის მისი შვილი, ვინ გაიზარდა, გაიზარდა ის ქრისტიანი და ეკლესიის ერთგული, თუ გაიზარდა ისეთი ადამიანი, რომელიც წუხს და ტირის იმის გამო, რომ გარყვნილებას არ ეძლევა თავისუფლება და ა.შ. ჩვენ, ყველანი, მოწოდებულნი ვართ ამისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. თქვენ იცით, იოანეს გამოცხადებაში წერია, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა კაცობრივი საქმე დაიწვება მეორედ მოსვლის ჟამს, დარჩება მხოლოდ ეს საქმე, მარადიული საქმე, რომელიც მუდმივად იქნება, ეს არის სამოციქულო ღვაწლი ადამიანთა სულების აღშენებისა, ადამიანთა სულების გადარჩენისა და უფალთან მიყვანისა. აი, ეს არის სამოციქულო ღვაწლი და იმედი გვაქვს, რომ უფალი ამაში შეძლებისდაგვარად შეგვეწევა.
დღეს განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რადგან ჩვენს ეპოქაში არა მარტო საქართველოში, არამედ, საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, ქრისტიანულ სარბიელზე, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ არის აღმშენებელი სულთა და მომყვანებელი ღმერთთან ადამიანებისა, – ჩვენ ოჯახზე ვისაუბრეთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ერები მოაქციოს და ღმერთთან მიიყვანოს, – ასეთი გახლავთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი მოციქულებრივი ღვაწლი, რომელიც ყოველდღე ჩანს, რაოდენ დიდებული და ნაყოფიერია, და კიდევ გამოჩნდება, ჩვენი აქ ყოფნაც ამის დასტურია! ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს იგი, მისი ლოცვა-კურთხევით გადაარჩინოს ჩვენი ერი, მადლითა და მეოხებითა სვეტიცხოვლისათა და და თორმეტი მოციქულის წყალობითა და მფარველობით“, – განაცხადა მეუფე შიომ.