აჭარის ქაშუეთში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან ლიტერატურა და ისტორია უყვარდა, ჩუმად ლექსებსაც წერდა. მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
ლიტერატურის, მწერლობის სიყვარულს დედას უმადლის.
ასე ნელ-ნელა დაიბადა წიგნები: „იერუსალიმი“, „აჭარა – ფარი საქართველოისა“, „ნეტაი, ადრე მოსულიყავით“, „გომარჯოს ფერეიდანს“ და „ცრემლს ნუ გამატან“… მერე ნოველებმაც იხილა დღის სინათლე.
შარშან გამოვიდა ერთობლივი წიგნი ორ პოეტთან ერთად – როინ აბუსელიძესთან და სულხან წულუკიძესთან ერთად, რომელშიც პოეტების ოცდაათ-ოცდაათ ლექსთან ერთად მისი ოცდაათი ნოველაც გაერთიანდა. – მწერლისა და ფილოლოგის ნიაზ ზოსიძის პერსონა.
– ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. საიდან იწყება ნიაზ ზოსიძის ამბავი, როგორია იგი?
– ჩემი ისტორია ქაშუეთიდან იწყება. იქ დავიბადე და იქ გავიზარდე. ლამაზი, თბილი, ლაღი ბავშვობა მქონდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემი ბავშვობა უღმერთობის ხანას დაემთხვა. სისტემა ქადაგებდა, ღმერთი არ არსებობს, ლენინია ჩვენი სინდისი, ნამუსი და ხვალინდელი დღეო! ღმერთზე არ მქონდა არავითარი ინფორმაცია, სულ მიკვირდა, თუ ღმერთის გაჩენილია დედამიწა, ადამიანი, სიკეთე, მაშინ რატომაა აკრძალული-მეთქი…
მათემატიკის ინჩი-ბინჩი არ მესმოდა, სამაგიეროდ, ლიტერატურა მიყვარდა, ისტორია მიყვარდა, ჩუმად ლექსებსაც ვწერდი, ვიზეპირებდი და ვხევდი. მერე ქაშუეთის ნაეკლესიარზე გავიგე რაღაც-რაღაცები და მოსვენება დავკარგე, როგორი იყო ქაშუეთის ეკლესია, ანუ ღმერთის სახლი, როგორი ფრესკებით იყო მოხატული-მეთქი… მერე ღვინოსაც შევეპარე და ღვინით შეხურებულ თავში ათასნაირი აკრძალული თემების შესახებ კითხვები მიჩნდებოდა…
– სოფლიდან ქალაქისკენ…
– მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც მამამ ბათუმში ჩამომიყვანა სპეციალურად სპექტაკლის სანახავად. მოვიხიბლე, მომეწონა, განსაკუთრებით, ნინო საკანდელიძე. მერე ცირკში გადავირიე, მერე პლაჟზე ტიტველი ქალების და გემების ნახვით. ნაყინი მაშინ გავსინჯე…
მერე, სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში გამაგზავნეს უმაღლესში ჩასაბარებლად, თან დარიგებები მომაყოლეს: ყველაფერი აწონ-დაწონე, დაკვირვებული იყავ, ყველას ნუ ენდობი, ბეწვს გამოგაცლიან თვალიდან, ფული შიგნითა ჯიბეში გქონდესო…
უმაღლესში ჩაბარებას რა უნდოდა? ყველაფერი წაკითხული მქონდა, ყველაფერი ვიცოდი, აბიტურიენტები მშობლებს ჩემზე უთითებდნენ, ეს არის ზოსიძე, ყველაფერი რომ იცისო…
რაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე, იმის ნახევარი ცოდნით გამოვედი უკან. სამაგიეროდ, სხვა ბევრი რამ შევისწავლე ცხოვრებისეული.
ლეო კვაჭაძე მიკითხავდა გრამატიკას და ხშირად იტყოდა, ქართული გრამატიკა მათემატიკაზე უფრო რთულიაო. მიხაროდა ამის გაგონება, ე.ი. არ ვყოფილვარ ლენჩი-მეთქი. აკაკი გაწერელია მიკითხავდა საზღვარგარეთის ლიტერატურას – მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი.
მეგობრობის მასტერკლასი მაია კენკებაშვილმა, ნინო ჯელაძემ, ლია ჩიკაშვილმა, ნინო ჩიხრაძემ და მარიკა ლელაშვილმა ჩამიტარეს…
– როდის, სად, როგორ, რანაირად დაიბადა მწერალი ნიაზ ზოსიძე, რამ გიბიძგათ, რომ პარნასის კარი თქვენც შეგეღოთ?
– ეს უფრო დედაჩემის დამსახურებაა. იმდენი ლექსი, ლეგენდა, სიმღერა, გამოცანა, შაირი იცოდა და ისე შემაყვარა, რომ სხვა რამის გაგონება აღარ მინდოდა. იმასაც მეტყოდა, წერაზე სახათაბალო საქმე დედამიწაზე არ მოიძებნებაო, მაგრამ ეგ არის მთავარი სულის საზრდოო. კითხვა მიყვარდა-მეთქი, კი ვთქვი, იმდენად, რომ ბებიაჩემი გაბრაზდა, ამდენ კითხვა-კითხვაში შეიძლება ტვინი გადაეღალოს და გამოლენჩდესო, ამ ქვეყნის არაფერი ეცოდინება და ცოდვა იქნება მერეო.
ჭკუაში დამიჯდა ეს შეგონება, ბურთს და სპორტს მივაწექი. დაღლილ-დაქანცული, მტვერში ამოგანგლული ვბრუნდებოდი სახლში…
რაღაცებს ვწერდი-მეთქი, ხომ გითხარი, ჰოდა, ამათ რომ ვუკითხავდი ბებიას, ერთხელ შემაქო: ნენი, ჩემო ოქროს ჭუჭულო, მალადეც, ასე მგონია, ვუყურებ და ვხედავ ამბავსო… სოფელში საითკენაც არ უნდა გაგეხედა, ნატურმორტი და ნოველა იყო… მას შემდეგ ნახული და გაგონილი აჟურში მომყავს.
– ვაჟა ფშაველასთან ტყე ლაპარაკობს, ზურაბ გორგილაძესთან – ჩიტები, ფრიდონ ხალვაშთან – მდინარე, თქვენს შემოქმედებაშიც საუბრობს ბუნება. რამდენად უგდებთ ყურს და რას გიყვებათ იგი?
– მადლობა, როი, ამ კითხვისათვის. ისე, რაც არ უნდა ბიოგრაფიები დაიწეროს, გამოქვეყნდეს საუბრები და ინტერვიუები, მაინც არასრული იქნება შემოქმედზე წარმოდგენის შესაქმნელად. მწერლის სული და სახე მის ქმნილებებში უფრო კარგად ჩანს…
კი იცი შენ, ვირგილიუსის პოემა „გეორგიკები“. ეს არის ერთგვარი პოეტური ენციკლოპედია ოჯახზე, მიწაზე, ცაზე, ბუნების მოვლენებზე, მის სიმშვენიერეზე, ტყეზე, მინდორზე, ყანაზე, მთა-ბარზე, სიცოცხლეზე, წელიწადის დროთა ტრიალზე…
შენ რომ ჩამოთვალე, იმათსავით ვერა, მაგრამ მეც ჩემებურად ვცდილობ ამას, უბრალოდ, სადად, მარტივად, სათქმელის დახლართვა არ მიყვარს… მეც ხშირად ბუნებას ვარ მიდევნებული, ხან კალაპოტს ვუცვლი, ხანდახან ფერებს, ზოგჯერ მარილს, სიტკბოს, სევდას ვამატებ.
– ფერეიდანში იმოგზაურეთ. ამის შესახებ მოგვიყევით. საიდან დაიბადა ეგ სურვილი, გვიამბეთ იქაურ ქართველებზე.
– უფალს ვმადლობ, რომ წილად მხვდა ბედნიერება, ჩავსულიყავი ფერეიდანში, შევხვედროდი იქაურ ქართველებს… ამის შესახებ გამოვეცი წიგნი „გომარჯოს ფერეიდანს“… აქ აღარ შევუდგები დეტალურად აღვწერო ეს მოგზაურობა. ვიტყვი:
– ფერეიდნელ ქართველმა ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ვაზი რომ არ მოყინულიყო, ზამთრობით ვაზის ლერწის მიწაში დამარხვა მოიგონა;
– იქ პოლიცია უსაქმოდაა, რადგან დანაშაულობები არ ხდება;
– იქ ყველა შენობას ქართული წარწერა ალამაზებს;
– იქ ქართული ანბანი ღვთაების ტოლსწორი ფენომენია;
– იუნესკოს ცნობით, ქალაქი ფერეიდანი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილია.
უფალო, მადლობა, რომ მაჩვენე ერთ მუშტად შეკრული ქართველობა…
უფალო, მადლობა, რომ ქართველის მიერ ქვა-ხრიოკიდან წალკოტად ქცეული საცხოვრისი მანახე.
– როგორც ამბობენ, სიყვარული ყველას ეწვევაო, როგორ იყო თქვენს შემთხვევაში, რა დატოვა მან კარგი და ცუდი?
– მე ერთი ვიცი, სიყვარული თუ არის, სიკეთეც იქ იქნება… ერთ დღესაც მოვკრეფ მიმონახულ, მიმოფანტულ ფურცლებს, ქაღალდის ნაგლეჯებს, მოგონებებს და წიგნად ვაქცევ. იქ ვიტყვი სიყვარულზე, მარტივად, უბრალოდ, ფილოსოფიის გარეშე…
მე სიყვარული წიგნებიდან და ფილმებიდან არ მისწავლია…
მე სიყვარული ვარდო დიასამიძემ მასწავლა… ის ჩემთან აღარ არის, მაგრამ მაინც ჩემთანაა და ყოველ დღეს ვსაუბრობთ…
– ხართ რამდენიმე წიგნის ავტორი, მათზე რომ გვესაუბროთ…
– ახალს ვერაფერს გეტყვით. ნათქვამს გავიმეორებ. ღმერთის შესახებ რომ გავიგე, ავფორიაქდი: სად არის ღმერთი? ზეცაში, ქვესკნელში, გულში, ტვინში, სად დაიბადა, სად დადიოდა, სად ეწამა, სად დაასაფლავეს?..
მოვიარე იერუსალიმი, მოვილოცე სიწმინდეები, ყველაფერი გავიგე, ყველაფერში დავრწმუნდი, ყველა კითხვაზე პასუხი მივიღე და ამ მოგზაურობას მივუძღვენი წიგნი „იერუსალიმში“.
მერე აჭარამ ამაფორიაქა, მისმა ისტორიამ, მისმა გმირობამ, როგორ გაუძლო, როგორ გადარჩა? წარმოიდგინეთ, ოსმალობის ჟამს, აქ არ იყო არცერთი სკოლა, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, აშთობდნენ ქართველობის ყოველგვარ ნიშანწყალს, უნგრევდნენ კულტურულ და რელიგიურ ძეგლებს… მისხალი შეცდომა არ დაუშვია ამ სისხლიან ჟამთასვლაში აჭარას! ამას ეძღვნება წიგნი „აჭარა – ფარი საქართველოისა“…
მერმე საზღვარმიღმელ ქართველებს მივუძღვენი სამი წიგნი: „ნეტაი, ადრე მოსულიყავით“, „გომარჯოს ფერეიდანს“ და „ ცრემლს ნუ გამატან“… მერმე ნოველებით აკინძული წიგნებიც მესტუმრა…
– ქალაქის ხმაურიან ღამეში უცებ გამოღვიძებულს რა მოგნატრებიათ ყველაზე მეტად და ამ მონატრების გამო თუ ჩაგიდენიათ რაიმე უცნაური საქციელი, კარგი საქციელი?
– მე ბებიაჩემის ლოცვა-ფილოსოფიით ვცხოვრობ: „გამჩენელო, ჯერ ყველაი კარგად ამყოფე და მეცო!“ ჯერ მე კი არა, სხვა და მერე მეო… უცნაურობებიც წამომივლის ხოლმე, შეძლება ხვალ ეგვიპტეში გავიქცე, შეიძლება მტირალადან მოგესიყვარულოთ, ღომას, საყენდრიას მთებიდან გადმოგხედოთ, რომელიმე ნატაძრალ-ნაეკლესიარს მივადგე ფეხით და ქლოშუნით, ხეტიალის მოყვარული კაცი ვარ, არ ვიცი, რა და როდის მომენატრება. ისე, ყველაზე მეტად მთიანი აჭარის კილო-ხმები, გლეხური ცხოვრების იდილია, თავანკარა კილო-კავი მიყვარს და იქ გავრბივარ. იქიდან მოდის სამაგალითო ზნეობის, გარჯის, ოჯახური სიწმინდის ნაკადულები…
აქვე გეტყვი, როი, და ძალიან გთხოვ, ეს აბზაცი დამიტოვე, დანარჩენი მიმოჩეხე თუ გინდა!..
მკითხველო, თუ დააკვირდები, და, ვიცი, დაკვირვებიხარ, შეიძლება, ზოგჯერ ჩემი სიტყვა-ნათქვამი სალიტერატურო ენის ლექსიკონში არ შეგხვდეთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ეს სიტყვები ძალიან ლაღად და თავისუფლად გრძნობენ თავს და სათქმელს კარგად გამოხატავენ!
– წიგნები უხვად გამოეცი… სამომავლოდ რა სურვილები გაქვს?
– ახლა მაგარ საქმეში ვარ. ჩემს ორ უსაყვარლეს პოეტთან, შენთან და სულხან წულუკიძესთან ერთად გამოვიდა ერთობლივი წიგნი, თქვენი ოცდაათ-ოცდაათი ლექსი და ჩემი ოცდაათი ნოველა… მადლობა თქვენ, რომ მომიწონეთ იდეა და ამ წიგნმა იხილა დღის სინათლე.
კიდევ ორი წიგნი: „ახლა სიკვდილი არ შეიძლება” და „ჩემი სამარადჟამო”… ბოლო პატრიარქის კურთხევით.
ეგვიპტეში წასვლა მაინც მინდა, იმ ადგილების მონახულება, სადაც ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლები ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი – კაიკაციშვილი, გუგუნავა, ინაიშვილი, პაპუნაიშვილი, ბეჟანიძე…
– და ბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს სამშობლოს, როგორ საქართველოში გინდათ იცხოვრონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა?
– გამთლიანებულ საქართველოში მინდა იცხოვრონ, წელში და ხერხემალში გამართულ საქართველოში, სადაც არ იქნება დაძაბუნებული სოფლები და უსინათლო სახლები…
და მთავარი… განათლებულ საქართველოში მინდა იცხოვრონ.
როინ აბუსელიძე