გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

თბილისის საკრებულოს, ჯანდაცვის სამინისტროს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლი გრძელდება. დღეს  ფორუმი გლდანის რაიონში მდებარე პროფესიულ კოლეჯში  გაიმართა, სადაც 35-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა შრომის ბაზარზე აქტიური რამდენიმე ასეული ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია,  საკრებულოს ამავე რაიონის მაჟორიტარ წევრებთან, გულია გოცირიძესთან და შალვა ოგბაიძესთან, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილესთან, თამილა ბარკალაიასთან ერთად დაესწრო.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, ასეთი ფორუმების ჩატარება პანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კარგი შესაძლებლობა ექმნებათ. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს ბევრი ადამიანი დასაქმდება.

„დღეს გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის შედეგად ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებებს შეუძლია ამ დანაკარგის მნიშვნელოვნად შემსუბუქება. დაახლოებით 35-მდე კომპანიაა დღეს წარმოდგენილი, რომლებსაც 800-ზე მეტი ვაკანსია აქვს შემოთავაზებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროცესში. ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი თბილისელი, გლდანელი დასაქმდება,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

“მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ ფორუმით. ასეთი ღონისძიებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამუშაოს მაძიებლებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ. მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ხშირად გვანებივრებს ასეთი ფორუმებით,“- განაცხადა გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ.

„ასეთი ღონისძიებები ღირშესანიშნავია იმით, რომ აქ დამსაქმებლები უშუალოდ, პირისპირ ესაუბრებიან პრეტენდენტებს, ვისაც სურს სხვადასხვა სამუშაო პოზიციაზე დასაქმება. არჩევანი კი მართლაც დიდია. სასიამოვნოა, რომ დღევანდელ ფორუმზე უამრავი ვაკანსიაა წარმოდგენილი. მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც დღეს დასაქმებული დაბრუნდება სახლში,“- განაცხადა გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ.

ფორუმზე მისული სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებს პირისპირ შეხვდნენ, სასურველი ვაკანსიის თაობაზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს. ღონისძიებაში განათლების სამინისტროს და გლდანის გამგეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დასაქმების ფორუმი ეტაპობრივად თბილისის ყველა რაიონში გაიმართება. 2021 წლის პირველი ფორუმი თბილისში, სამგორის რაიონში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები