„სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოსდა, ქვეყანა საბოლოოდ დაადგა პუტინიზაციის და იანუკოვიჩის გზას, საერთოდ აცდენილია რეალობას“ – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე გუშინ თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება.
„პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი “მაგრამ” -ის გარეშე: ძალადობას, ეს მედიაზე იქნება თუ ნებისმიერ მოქალაქეზე, არანაირი გამართლება არ აქვს! ცემა-ტყეპასა და ვანდალიზმს არც სამართლიანობასთან, არც დემოკრატიასთან, მით უმეტეს, ქრისტესმიერ სიყვარულთან საერთო არაფერი აკავშირებს! ჩემთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის რაიმე არგუმენტად ვერც მედიაზე გაღიზიანება გამოდგება, მიუხედავად ოპომედიის დიდი ნაწილის მაპროვოცირებელი გადაცემებისა.
სხვა საკითხია დღევანდელი დღის პოლიტიკური შეფასებები. ახლა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოსდა, ქვეყანა საბოლოოდ დაადგა პუტინიზაციისა და იანუკოვიჩის გზას, ხოლო მედია რომ თავისუფლების ბოლო ბასტიონია, ეს კი საკამათოა და ზედმეტად გაზვიადებულიც! უფრო თუ დავკონკრეტდები, საერთოდ აცდენილია რეალობას. იანუკოვიჩს, არა თუ ევროკავშირში წევრობის განაცხადზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე საერთოდ არ ჰქონდა ხელი მოწერილი.

სიტუაციის გაბუქვა და ზედმეტად დრამატიზება, რაც ისედაც ახასიათებს, განსაკუთრებით, ოპომედიას, მაღალი ემოციური ფონისას, გამოსავალი ვერ იქნება. პირიქით, სიტუაციას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს. სამწუხაროდ, მედიას, და აქ პირველ ყოვლისა ე.წ ქართულ კრიტიკულ მედიას ვგულისხმობ, ჰყავს დაზარალებულები და არც დღის მოვლენების კადრებია სადმე გამქრალი. მათ თავისუფლად შეუძლიათ, თუნდაც, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დაადგინონ იმ პირთა ვინაობა, ვინც კანონს გადააბიჯა და ხელისუფლებისაგან მოითხოვონ მათი პასუხისგება, თუ ამას ეს უკანასკნელი თავად არ გააკეთებს.

დღეს განსხვავებული აზრის მიუღებლობა არის მთავარი პრობლემა, რითაც ასეა გაჟღენთილი როგორც პოლიტიკური, ისე  – მედიასივრცე. სხვადასხვა დებატად წოდებული თოქშოუები ამის მკაფიო მაგალითია, რაც არის სწორედ იმავე ძალადობის მაპროვოცირებელი არცთუ უმნიშნელო ფაქტორი.

მედიის პასუხისმგებლობაც არის არა საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაღრმავებაში, არამედ, პირიქით, მის შემცირებაში დასანახი.
რაც დღევანდელმა დღემ ასევე დაგვანახა, არის პოლიტიკური კლასის სრული პოლიტიკური მცონარობა. ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როცა საგარეო ქულების დაწერის მიზნით, ჯერ მხარს უჭერ „პრაიდის“ კვირეულის გამართვას და საკუთარი ქვეყნის ლამის 20 -საუკუნოვან ისტორიას და სპეციფიკას არ ითვალისწინებ და მერე, მოვლენათა ეპიცენტრიდან უბრალოდ “ტყდები” სწორედ ამაზე მიუთითებს. მაკედონელი, რომ გეი იყო, ამ ტიპის არგუმენტებზე, აქ აღარც შევჩერდები.
სამწუხაროდ, ახდა ჩვენი ვარაუდი, რომ “ქართული ოცნებისათვის” ეს იქნებოდა მორიგი ტესტი, გაცილებით მძიმე ვიდრე ეს 2013 წელს იყო. თუ რა ზიანი მიიღო თავად ხელისუფლებამ, ესეც მალე გამოჩნდება“, – წერს გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, ძალადობრივი, აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, სცემეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
„ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი“ – განაცხადეს შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით გუშინ 8 პირი დააკავეს.
შსს-მ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“, „მთავარი არხის“, გამოცემა – „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გრძელდება.

ძალადობრივ ქმედებებსა და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“ – ნათქვამია შსს-შ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები