“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ირიბად ან პირდაპირ ხელს იშვერენ ეკლესიისკენ, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება, კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ძალადობრივი პროცესების შემაკავებლები იქ მყოფი მოძღვრები არიან”, – ამის შესახებ პატრიარქის მოადგილემ მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდრიაძე გუშინ თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა.
„პატრიარქის ყველა მორჩილი და ეკლესიის მრევლი არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც საპატრიარქო იყო. საპატრიარქოს რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული არა მარტო დღევანდელ მოვლენებეთან დაკავშირებით, არამედ – მთელი ამ წლების განმავლობაში „პრაიდთან“ დაკავშირებულ საკითხებზე. საპატრიარქო თავის მრევლს ყოველთვის მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებდა. ასეთი მძიმე და საშინელი ცოდვის გამო ეკლესიას პროტესტი ყოველთვის ექნება.
ამის პროპაგანდას ყოველთვის ეწინააღმდეგება, მაგრამ ეწინააღმდეგება მშვიდობიანი ფორმით.
როგორც დავინახეთ, პროტესტი გამოხატა სხვადასხვა ჯგუფმა, პარტიამ და ორგანიზაციამ. წინა დღით პროტესტი მსვლელობით გამოხატა „პატრიოტთა ალიანსმა“, ფალავანდიშვილის ორგანიზაცია „რუსთაველის“ მეტროსთან იდგა, ალტ-ინფო იკრიბებოდა ბაღში. პროტესტის ფორმა სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული ჰქონდა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ირიბად, ან პირდაპირ ხელს იშვერენ ეკლესიისკენ, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება, კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ძალადობრივი პროცესების შემაკავებლები იქ მყოფი მოძღვრები არიან. პოლიციაც ძალადობის მსხვერპლი იყო, ერთი-ორი შეიძლება მათაც მოხვდათ. ერთადერთი, ვისაც ინდობდნენ და ვისაც შეეძლო, ეს ძალადობა შეეჩერებინა, სასულიერო პირები იყვნენ. ერთი, ორი, სამი გადაეფარებოდნენ ხოლმე და გამოჰყავდათ ჟურნალისტები, რომლებიც აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა”, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, მომხდარი მოვლენების გამო „ლგბტ პრაიდის“ საწინააღდმდეგო პროტესტის სახელი დაზიანდა.
„ამით აღნიშნულ მოძრაობას სახელი გაუტყდა. ეს ფაქტი რომ არ მომხდარიყო, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა. პროტესტი იყო მასობრივი, გამოვიდა მოსახლეობა, რეგიონებიდან ჩამოვიდნენ მოძღვრები და მრევლი, ისინი როგორც საპატრიარქოს განცხადებაში იყო ნათქვამი, ქაშუეთთან პარაკლისის გადახდას აპირებდნენ. ასეც გააკეთა ყველამ.
რომ ჩავუფიქრედეთ ამ საკითხს, ვფიქრობ, ამ ძალადობრივი ქმდებებით ლგბტ -ს საწინააღდმდეგო პროტესტის სახელი დაზიანდა და შეილახა. ძალადობრივი ქმედებები საჭირო ნამდვილად არ იყო, თანაც ჟურნალისტების მისამართით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს პროტესტი ბუნებრივადაც გაუჩნდათ ადამიანებს, იქ მყოფებს, რომლებიც გაღიზიანებულები არიან ამით. ეკლესია თავის რამდენიმე განცხადებაში სთხოვდა, მიმართავდა როგორც ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, რომ მოეხდინათ გავლენა და „პრაიდი“ არ ჩატარებულიყო. გაუგებარია „პრაიდის“ მხრიდან ასეთი ძალადობა მოსახლეობის უმეტესობაზე, რომლისთვისაც მსგავსი რამ კატეგორიულად მიუღებელია.
„პრაიდის“ მომხრეებმა უცხოეთში თავის მეგობრებს კიდევ ერთხელ დაანახეს, როგორ ვიდევნებითო, ეტყობა, ერთერთი მიზანიც ესეც იყო. კიდევ ერთხელ მოხდა ტალახის სროლა ეკლესიის მისამართით, რაც აბსურდული და გაუგებარია. ასევე დაზარალდა ქართველი კაცის იმიჯი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყველასთვის ცნობილია, როგორც შემწყნარებელი და ტოლერანტი.
ამ ადამიანებს ქართულ საზოგადოებაში პრობლემა არ აქვთ, რიგ სფეროებში წარმატებულები და დაწინაურებულები არიან. „პრაიდის“ თემა, რომელიც ყოველ წელს დღის წესრიგში დგება და ვნებათღელვას იწვევს, ლოგიკური თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი მიზნისაა. ამ ჯგუფს დიდი პასუხისმგებლობა აწევს, როგორც ეს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. უნდა ხედავდნენ, რომ ეს ქართულ საზოგადოებაში დიდი აგრესიას იწვევს. ევროკონვენციის მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას აღიარებს, განმარტებულია, რომ თუ გამოხატვის თვაისუფლება საზოგადოებრივ არეულობას, დაპირისპირებას და ნეგატიურ მოვლენებს იწვევს, ეს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, ძალადობრივი, აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, სცემეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი“, – განაცხადეს შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით გუშინ 8 პირი დააკავეს.
შსს-მ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“, „მთავარი არხის“, გამოცემა – „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.
ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე