ცესკო: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია, – ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამჯერად ცესკოს საქმიანობის შესახებ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში (მიმდინარე წლის 4 ივლისს) გავიდა. სიუჟეტის ავტორი, ისევე როგორც მისი რესპოდენტები ამტკიცებდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში დიდი რაოდენობით გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ შეყვანილი. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად ისინი, გაურკვეველი წარმოშობის სიების დემონსტრირებას ახდენდნენ. თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები სია ვიზუალურადაც კი არ ჰგავდა ამომრჩეველთა ერთიან სიას.
,,ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაციას „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ საარჩევნო ადმინისტრაციისგან არ მოუთხოვია სიები, როგორც ამას ორგანიზაციის წარმომადგენლები სიუჟეტში ამტკიცებდნენ. უფრო მეტიც, მათ ამის უფლებას კანონი არ აძლევთ. ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობა არეგულირებს თუ ვის და რა პირობებში შეუძლია მოითხოვოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 31, პუნქტი 7). გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკითხზე, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, ერთი საჩივარიც კი არ დაფიქსირებულა.
აქედან გამომდინარე, სიუჟეტში გაჟღერებული განცხადებები, რომ მოხდა ცესკოსგან მიღებული სიების ანალიზი და ამის საფუძველზე გამოიტანეს გარკვეული დასკვნები – არის სიცრუე. გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ მას ხელთ ჰქონდა სია, სადაც ჩანდა თუ ვინ მიიღო მონაწილეობა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში. საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ არის კონფიდენციალური და არის დალუქული; შესაბამისად, ის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა კონკრეტული პირების ხელში.
სიცრუეა ასევე ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, თითქოს ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, მაგრამ სხვა პირისთვის განკუთვნილი ამომრჩევლის ბარათის საშუალებით ხმა მიეცათ ბარათზე დაფიქსირებული პირის ნაცვლად. ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მოსაზრება არ ემყარებოდა არანაირ არგუმენტს და ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული სიუჟეტი არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის შემცირების და ინსტიტუციური ზიანის მიყენების მცდელობას.
შესაბამისად, მივმართავთ მედიას და არასამთავრობო სექტორს დაეყრდნონ მხოლოდ რეალურ ფაქტებს და თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აღიქმება მიზანმიმართულ დამაზიანებელ კამპანიად საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნის მიზნით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპის სრული დაცვით და ყოველთვის მზადაა ჩართულ მხარეებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,”- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.