თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწოდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თანამშრომლებსა და სტუდენტებს 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივი ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მისი პროფესურა, ექიმები, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები პანდემიის დაწყებისთანავე ჩაერთნენ COVID–19-ის საწინააღმდეგო ბრძოლაში. მათი თავდადებული შრომა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად მართლაც რომ პროფესიული გმირობაა. თსსუ-ში აკადემიური პროცესი ახლაც, მიმდინარე სემესტრში, უმთავრესად, არა დისტანციურად, არამედ ფიზიკური დასწრებით ხორციელდება.

ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ბრძოლის მორიგი და მნიშვნელოვანი ეტაპი – მასობრივი ვაქცინაცია. ამ ბრძოლაში ერთიანობა და გამარჯვება გადამწყვეტია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხო მომავლისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია; მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021/22 სასწავლო წელი 13 სექტემბერს იწყება. საუნივერსიტეტო ოჯახის თითოეული წევრი გრძნობს პასუხისმგებლობას კოლეგებისა და სტუდენტებისათვის უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნის თვალსაზრისით; უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში). ეს არის ერთადერთი საშუალება უსაფრთხო სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისათვის, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის.
უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის”, – ნათქვამია თსსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები