მინისტრი: ექიმები თუ არ გაითვალისწინებენ მოქალაქის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს, რეაგირება ანაზღაურების კომპონენტში მოხდება
“ექიმები თუ არ გაითვალისწინებენ მოქალაქის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს, რეაგირება ანაზღაურების კომპონენტში მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის კლინიკური ჯგუფი, რომელიც პანდემიის პერიოდში დაკავებულია კლინიკების მონიტორინგით, მონიტორინგს აგრძელებს.
„რა თქმა უნდა, არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდა პანდემიის დაწყებისთანავე და შემდეგ, რამდენიმე ეტაპზე განიცადეს სახეცვლილება, რათა ის ყოფილიყო მეტად მიზნობრივი. ჩვენი ექიმები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ კრიტერიუმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება, რამდენად მიზნობრივი იყო ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება. ასევე, რა თქმა უნდა, ის კლინიკური ჯგუფი, რომელიც პანდემიის პერიოდში დაკავებულია კლინიკების მონიტორინგით, აგრძელებს მონიტორინგს. შესაბამისად, ინფორმაცია არის განახლებადი და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებთან, რათა მოხდეს მეტად ეფექტური მართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.