ეკატერინე ტიკარაძე: 350-მდე ბრიგადაა დღესდღეობით მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით
“350-მდე ბრიგადაა დღესდღეობით მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრიგადები მობილიზებული იქნება ტურისტულ რეგიონებშიც, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, რადგან შესაძლებელია, მაღალმა აქტივობამ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლოს.
,,ის შემდეგი ეტაპი, რომელიც დღეიდან იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, რომლითაც შეგვიძლია, მოვახდინოთ გარდატეხა და დავამარცხოთ, მსოფლიოსთან ერთად, პანდემიის ეს ვერაგი და ცუდი ზეგავლენა. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ კეთილსაიმედოა კოლეგების ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან, ისინი იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში, როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ, 350-მდე ბრიგადაა დღესდღეობით მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ამოცანაა, ვითვალისწინებთ რა, რომ დედაქალაქში იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, ეს აქტივობა შეიძლება, გადანაცვლებული იყოს რეგიონებში, მობილიზებული გვქონდეს იქაც ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა, რომ მოხდეს ნაკადებისთვის უწყვეტი ვაქცინებით მომარაგება. სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით და, ასევე, იქნება მაღალი მობილიზაცია აჭარის, გურიისა და ყველა სხვა ადგილმდებარეობაზე, სადაც ველოდებით შიდა ტურიზმის მაღალ მატებას,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.