თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს
თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით, „ისარი 2021“-ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სწავლებაში შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. „ისარი 2021“ – ის სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ.
„აღნიშნული სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედროებმა ჩასაფრების, რეიდისა და შენობის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. სწავლება ექვსი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით იყო დატვირთული. საველე პირობებში სწავლების განმავლობაში სამხედროებმა წყალსაცავზე წყლის დაბრკოლების გადალახვის, შტაბის მართვის პუნქტის გაშლის და ამოქმედების, ტაქტიკური სამედიცინო მომზადებისა და თვითგადარჩენის უნარების დახვეწა შეძლეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის მართვის პროცედურების და საბრძოლო ბრძანებების შემუშავებასა და გაცემაში უნარ-ჩვევების დახვეწას, გეოსივრცითი დაზვერვის მასალების გამოყენებას, რეკოგნოსცირების ოპერაციების დაგეგმვას და ამოცანით მართვის პრინციპების გათვალისწინებით, მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებას. საჩვენებელი სწავლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები გადასცეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.