ანრი ოხანაშვილი – დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თითქმის განახევრდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი
„სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიხილეთ ბევრი პოპულისტური განცხადება, რასაც შეგვიძლია ფაქტებით დავუპირისპირდეთ: დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თითქმის განახევრდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, 2012 წლის შემდგომ, „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, სასამართლო სისტემაში ვითარება ადრინდელთან შედარებით სრულიად შეცვლილია. „დაახლოებით 18-ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, თითქმის 5-ჯერ შემცირდა ჯარიმის შეფარდების მაჩვენებელი.
დაახლოებით 8-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, დაახლოებით 8-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ინდიკატორი არის სტატისტიკა, თუ რა რაოდენობის საჩივრები იგზავნებოდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და რა რაოდენობის საჩივარი იგზავნება ბოლო წლებში. „2004-2012 წლებში 5416 საჩივარია გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, ხოლო 2013-2020 წლებში – მხოლოდ 862, ანუ 7-ჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი.
ასევე სხვა დარღვევებთან და ზიანის მიყენების შედეგად ასანაზღაურებელ ქმედებებთან ერთად, თქვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვეთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდგომ, 8 მილიონზე მეტი ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის.
თქვენ ერთი მხრივ, რომ არღვევდით ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლამდე დადგენილი დარღვევებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწია სახელმწიფო ბიუჯეტს, ისევ იმ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, რომელთა უფლებებსაც თქვენ არღვევდით”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.