ეკატერინე ტიკარაძე: შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე, თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი
“შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე, თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრმა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„ინფორმაცია, რომ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი. სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებასა და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება.
რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია სწორედ მესამე კვარტალიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე, თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.