გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია მხარეებს შორის სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობა, საგრანტო პროექტების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, სემინარებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში ერთობლივი მონაწილეობა.
„მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა დაგვეხმარება, გავაღრმაოთ არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი. გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალება მიეცემა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად, დაგეგმოს და განავითაროს სამეცნიერო აქტივობები, მხარი დაუჭიროს აკვაკულტურის განვითარებას და გააძლიეროს შავი ზღვის მონიტორინგი”, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში საზღვაო ეკოლოგიის კვლევების განვითარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვაო ეკოლოგიის სფეროში განხორცილებული კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგის განვითარებაში”, – აღნიშნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საზღვაო სფეროში არსებული დარგების განვითარებასა და მათ პოპულარიზაციას უზრუნველყოფენ.