ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ამოცანა პანდემიასთან ბრძოლა, მისი დასრულებაა
“დღეს ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ამოცანა პანდემიასთან ბრძოლა, მისი დასრულებაა. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიან რეფორმებზე და პროექტებზე მუშაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, სოციალური პოლიტიკის მიზნებია სოციალური კოდექსის შემუშავება და მის ფარგლებში სოციალური, ჯანმრთელობის და სადაზღვევო რეფორმის გატარება.
„ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს: ხარისხიან ჯანდაცვაზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი მოქალაქეებისთვის; პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება; ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა; არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის განახევრება; ტუბერკულოზის და შიდსის ახალი შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება. ასევე, 10 წლიან პერსპექტივაში, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები 47-დან 30%-მდე უნდა შემცირდეს.
სოციალური პოლიტიკის მიზნებია სოციალური კოდექსის შემუშავება და მის ფარგლებში სოციალური, ჯანმრთელობის და სადაზღვევო რეფორმის გატარება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.