ირაკლი ღარიბაშვილი: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, ასევე, ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ
“კულტურის სფეროში შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა კულტურაზე, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, შემოქმედებითი საქმიანობისა და ინდუსტრიების გაძლიერებას, სახელოვნებო განათლების განვითარებასა და ხელმისაწვდომობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მომდევნო წლების გეგმებს, პრემიერის თქმით, ეს უნდა იყოს ბიზნესგარემოს ხელშემწყობი საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმები; ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შემოღება; საგადასახადო დავების განმხილველი საბჭოს რეფორმა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ზოგადად საგადასახადო დავების გადაწყვეტას და გაზრდის ხარისხს.
„კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა; სახელმწიფო ვალის დონის თანმიმდევრული შემცირება პანდემიამდე არსებულ დონემდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთი მთავარი მიზანი, რაც უნდა იყოს მომავალი წლების განმავლობაში, ეს არის მიწის ფონდის რეგისტრაციის დასრულება. სრულად დაზუსტდება მისამართები ყველა დასახლებულ პუნქტში და დასრულდება სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესი.