მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს.
8 წლის მეზობელი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი – 60 და 35 წლის მამაკაცები გუშინ დააკავეს. მოზარდი კი, არსებული ინფორმაციით, ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მეზობლების განცხადებით, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
„მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35 წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.