DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა.
მათივე ცნობით, ორდღიანი კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა.
“კურსის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა კორუფციის რისკები და მათი შემცირების მექნიზმები საჯარო სამსახურში, შიდა კონტროლის სისტემა და გენდერი თავდაცვის უწყებაში, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციული რისკების მართვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.