გელა მიქაძე: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესაქმნელად საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს
ოპოზიციონერი დეპუტატი, გელა მიქაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და უმუშევრობის დასაძლევად საჭიროა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) შექმნა, სადაც გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
„კაცობრიობამ საქართველოს მსგავს ქვეყნებს ორი ტიპის გამოსავალი შესთავაზა – ესაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან და ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან ასეთი ხელშეკრულებები.
ანალოგიური მზადდება ინდოეთთან, ასევე, განსაკუთრებული სავაჭრო ხელშეკრულება გვაქვს შეერთებულ შტატებთან. მეორე გამოსავალია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის კონცეფცია, რომელიც ძირითადად იქმნება იქ სადაც საჭიროა განსაკუთრებული საგადასახადო ოაზისის შექმნა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის. სადაც მსოფლიო ბრენდები ეძებენ საუკეთესო ადგილს მათი წარმოებისთვის. ამ მხრივ საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს.
ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს როგორც შესაბამისი კანონმდებლობა, ასევე, რამდენიმე ინდუსტრიული ზონაც, მაგრამ ვერავინ დამისახელებს ამ ინდუსტრიულ ზონებში ისეთ საწარმოს, რომელსაც საქართველოს გარეთ კი არა, არამედ საქართველოში მაინც იცნობენ. პრობლემა უნდა ვეძებოთ ზოგიერთი ინვესტორის არაპროფესიონალურ მიდგომაში, ასევე კანონის არაეფექტურობაში”. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიული ზონის შიგნით არ უნდა მოქმედებდეს ისეთი რეგულაციები, რის გამოც ინვესტორი უარს ამბობს ინვესტირებაზე.
„ჩვენ გვჭირდება თიზ-ები უცხოელი საწარმოებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ შექმნილი თავისი ბრენდები ასევე დამკვიდრებული აქვთ თავის ადგილი მსოფლიო ბაზარზე. ამ საწარმოებში დასაქმება ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი, სადაც საშუალება გვექნება გავეცნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც მომავალში გვექნება საშუალება ჩვენ თვითონ ვიყოთ მაღალტექნოლოგიური დარგის შემქმნელები”.
ოპოზიციონერი დეპუტატი კოლეგებს სთავაზობს პარლამენტში შეიქმნას სპეციალური ჯგუფი რომელიც თიზ-ების განვითარებისათვის შესაბამის კანონმდებლობას შეიმუშავებს.