თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახი დააკმაყოფილა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტი კვლავ გრძელდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია 17 არეალი, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ადამიანები ყოველ წელს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო. დაახლოებით, 3 100 ოჯახი არის დაზარალებული. ამ დროისთვის, 1 289 ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იცხოვროს. ჩვენ გამოვყავით 17 არეალი, სადაც უკვე მიმდენარეობს მშენებლობა, ზოგან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა ხორციელდება, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 963 მილიონი დაიხარჯა, ხოლო დასრულებული საცხოვრებელი ბინების ჯამური ფართი 8 000 კვ. მ-ზე მეტია.
„ამჟამად, კოოპერატიული მშენებლობებისგან დაზარალებულია 3 100 პირი, რომელიც სახელმწიფომ ცნო დაზარალებულად და ეს ვალი სასამართლოს მიერაა აღიარებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ გამოინახა ის მიდგომა, რითიც დაკმაყოფილდებოდნენ ეს მოქალაქეები. იმედია, მალე სრულად დამთავრდება პროგრამა და დაზარალებული ოჯახები აღარ გვეყოლება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.