სამგორის რაიონში რიგის პარკისა და მის მიმდებარედ არსებული ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკისა და მის მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.

„ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ რეკრეაციულ სივრცეს ამ პარკის და ერთკილომეტრიანი ბულვარის სახით, რომელიც არაერთ ეზოს გააერთიანებს. ოქტომბრის ბოლოსთვის ეს პროექტი დასრულდება და დედაქალაქს კიდევ ერთი, განახლებული, მწვანე სივრცე შეემატება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობი 40 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა იგეგმება.

ტერიტორიას გამწვანებული თარგები დაემატება, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა და დაირგვება მწვანე ნარგავები; განთავსდება საბაღე ფურნიტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები და ატრაქციონები; დამონტაჟდება სასმელი წყლის სოკოები, ხოლო პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ მოეწყობა შადრევანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები