დიონების ხუთი ტყუპი – ბავშვები, რომლებიც „ფულის საჭრელ მანქანად“ აქციეს
1934 წლის 28 მაისს კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ქოხში მცხოვრებ დიონების ოჯახს ხუთი შვილი შეეძინა. ხუთი დღენაკლული, შვიდთვიანი გოგონა თითო კილოს იწონიდა, მაგრამ ყველა გადარჩა. ისინი პირველი ხუთი ტყუპი იყვენენ, რომლებიც ჩვილობის პერიოდში გადარჩნენ.
საქმე იმაშია, რომ დიონების ოჯახს უკვე 6 შვილი ჰყავდა, ხოლო ქოხში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, არც ელექტროობა იყო და არც წყალგაყვანილობა. მას შემდეგ, რაც მათი ისტორია გაზეთებში მოხვდა, მიტოვებულ სოფელში უამრავი კორესპონდენტი და რა თქმა უნდა, მეწარმეც გაჩნდა. ვიღაცამ ოჯახს შესთავაზა, ექსპონატის სახით, გამოფენაზე გამგზავრებულიყვნენ. აქვე, უეცრად გაჩნდა ონტარიოს ადმინისტრაცია. არ გეგონოთ, რომ ისინი დაეხმარნენ ოჯახს და საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესეს – პირიქით… პროვინცია ონტარიოს ხელისუფლებამ მათ ნაწილობრივ ჩამოართვა მეურვეობის უფლება ხუთ ახალ შვილზე და ისინი „მისი უდიდებულესობის აღსაზრდელებად“ გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ კანადა იმ დროს ბრიტანული დომინიონი გახლდათ და ფორმალურად, მისი მმართველი დღესაც დედოფალია. მოკლედ, ტყუპების დაბადების ადგილთან ახლოს აშენდა სახლი სახელად Quintland, რომელიც დიდფანჯრებიან აკვარიუმს ჰგავდა. გარედან ჩანდა ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა, ხოლო შიგნიდან ვერც იფიქრებდით, რომ ეს შუშა გამჭვირვალე იყო.
ორი თვის ასაკის ხუთი გოგონა იქ გადაიყვანეს, მათ პედიატრები და ძიძები უვლიდნენ. ასე იზრდებოდნენ, მსოფლიოსგან მოშორებით, მაგრამ ტურისტების თვალწინ, რომლებიც აქტიურად სტუმრობდნენ ამ ადგილს. სახლის ფანჯრების წინ მოწყობილი იყო გალერეა, სადაც ერთი დოლარის სანაცვლოდ უშვებდნენ მსოფლიოში პირველი „რეალითი შოუს“ სანახავად ჩამოსულ ადამიანებს. მსურველთა რაოდენობა დღეში, დაახლოებით, 6000-მდე იყო. სახლთან ახლოს, რა თქმა უნდა, საპარკინგე ადგილიც იყო მოწყობილი და სუვენირების დახლები, სადაც გოგონების ფოტოები იყო გამოკრული. იყიდებოდა ღია ბარათები, თეფშები და ჭიქები გოგონების გამოსახულებით. ისინი ბევრი სარეკლამო კამპანიის „სახე“ გახდნენ: საბავშვო კვების, სარეცხი საშუალებების და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალაქის ადმინისტრაცია არა მხოლოდ ინახავდა გოგონებს და მათ მომვლელებს, არამედ კარგადაც გამოიმუშავებდა ფულს მათ ხარჯზე. რაც შეეხება მშობლებს, 1935 წელს მიიღეს სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც, დიონების ოჯახს სრულად ჩამოერთვა გოგონებზე მეურვეობა. იშვიათად, მაგრამ გოგონების ნახვის უფლებას მათ მაინც აძლევდნენ.
ყველა სახის მედიკოსი, ბიოლოგი და სხვა მიმართულების მეცნიერი გამუდმებით სწავლობდნენ გოგონებს და ამოწმებდნენ სხვდასხვა გენეტიკურ ჰიპოთეზას. ამისათვის სახლის ერთ ნაწილში სპეციალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია იყო მოწყობილი.
1943 წელს გოგონების მშობლებმა, უფრო სწორად, მათმა ადვოკატმა შეძლო მშობლებისთვის მეურვეობის უფლებების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობით. გოგონები 9 წლის ასაკში მშობლების სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ მათი ოჯახური ცხოვრება არ შედგა – ისინი მშობლებს გადაეჩვივნენ. თანაც, დიონების ოჯახს ამასობაში კიდევ სამი შვილი შეეძინა. სხვათა შორის, ბავშვების მშობლებიც ცდილობდნენ მათგან ფინანსური სარგებლის მიღებას, რის გამოც, წლების შემდეგ გოგონებმა თავიანთ ოჯახთან კომუნიკაცია საერთოდ შეწყვიტეს.
1998 წლისთვის ხუთიდან მხოლოდ სამი მათგანი იყო ცოცხალი. მათ პროვინციის ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს და პირადი ცხოვრების დარღვევაში დაადანაშაულეს. შედეგად, გოგონებმა, კომპენსაციის სახით, სამი მილიონი დოლარი მიიღეს, ხოლო 2001 წელს ონტარიოს გუბერნატორი თავად ეწვია მათ და პირადად მოუხადა ბოდიში.