სენატორი კენედი „დეზერტირების ბაზარში“

სიტყვა ბაზარი – Bazaar – სპარსულიდან მოდის და სავაჭრო ადგილს, თავშეყრის, შეკრების ადგილს ნიშნავს, სადაც თითქმის  ყველაფრის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება.

საქართველოში ბაზრის, როგორც სავაჭრო ცენტრის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. მათ შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის სტრაბონი, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს ქართულ ბაზარს, მისი პროდუქტების ხარისხსა და სიმდიდრეს.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა თბილისის ბაზრები, რომელთა შესახებ ცნობებს არაერთი მოგზაურისა და სხვადასხვა ისტორიოგრაფის ჩანაწერებში ნახავთ…

მე-18 საუკუნის თბილისში სამი ძირითადი ბაზარი იყო: მეფის მოედანზე, დღევანდელი სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის, ამჟამინდელი ერეკლეს მოედნის სამხრეთით, თათრის მოედანზე და მეტეხთან. ასევე, 1887 წლისათვის ცნობილი იყო „რუსის ბაზარი“. ბაზარი, რომლის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, თბილისში “დეზერტირების ბაზრის” სახელით არის ცნობილი.

მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე, საკოლმეურნეო ბაზრის დასახელება – „დეზერტირების ბაზარი“ – ხალხში გასული საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა.  ეს იყო ადგილი, სადაც  ჯარიდან გამოქცეული დეზერტირები საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ჰყიდდნენ.

ცნობილია ისიც,  რომ იქ, სადაც ახლა “დეზერტირების ბაზარი” მდებარეობს, 1912 წელს საქართველოში პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.  ერთმანეთს თბილისის სპორტსაზოგადოება „სოკოლისა“ და ბაქოს გუნდი – „ბრიტანულ კლუბი“ – შეხვდნენ.

„დეზერტირების ბაზარს“ პირველი რეკონსტრუქცია 1960 წელს ჩაუტარდა და  შენობა ამ ფორმით 2007 წლამდე ფუნქციონირებდა. იქ არსებული ანტისანიტარიისა და მოძველეფული ინფრასტრუქტურის გამო, ბაზარი დაანგრიეს. ქალაქის მაშინდელმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ახალი ბაზარი თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებდა და ქალაქს კიდევ ერთი სრულყოფილი სავაჭრო ცენტრი შეემატებოდა.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესოა იმის გაგებაც, რომ თავის დროზე “დეზერტირების ბაზარს” აშშ-ის სენატორი, ედუარდ კენედი სტუმრობდა. არსებობს 1974 წელს გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია, როგორ მოაბიჯებს სენატორი ედუარდ კენედი თბილისის “დეზერტირების ბაზარში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები