ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს უმასპინძლა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა გიომ ლაგანს ვიზიტისა და საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასევე სამთო მიმართულების გაძლიერების პროცესში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ნატოს მნიშვნელოვან ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებას არჩეული ევროატლანტიკური კურსის მიმართ. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია.
შეხვედრას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი, მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი, შარლ-ვიქტორ ორი და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელი, პანპი ეჩევერი დაესწრნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.