საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იტალიის ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიას მიულოცა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.
აღინიშნა იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტებს, რომელიც მიმართულია ევროკავშირში მეტი პოლიტიკური, დარგობრივი თუ სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრის დასასრულ, მინისტრის მოადგილემ იტალიელ დიპლომატს აღუთქვა მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები