12-20 ივნისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის, მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს.

ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და იმ საქმისადმი მადლიერების გამოსახატად დაარსდა, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისთვის გასწია.

ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც, მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარსდგებიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე წელს ოთხი კონცერტი გაიმართება:

12 ივნისი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“;

13 ივნისი – ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“;

19 ივნისი – საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“;

20 ივნისი – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“;

ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge.

ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები