კახა კალაძე: პირობას, რომ თბილისი ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იქნება რეკრეაციული სივრცეებისა და მწვანე ზონების არსებობით, აუცილებლად შევასრულებთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გარემოს დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა, სასურველი მიზანი, ჯერჯერობით, მიღწეული არ არის.
მისივე თქმით, ჩაყრილია საძირკველი იმისთვის, რომ მომდევნო წლებში თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა მოწესრიგებული იქნება.
“თბილისში გარემოს დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა, სასურველი მიზანი, ჯერჯერობით, მიღწეული არ არის. ჩაყრილია საძირკველი იმისთვის, რომ მომდევნო წლებში თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა მოწესრიგებული იქნება.
იცით, რომ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე იქნება დედაქალაქში ამ ეტაპზე, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი შესაბამისი ზონა, იმისთვის რომ მათ დაისვენონ, განიტვირთონ, გაერთონ, ივარჯიშონ და ა.შ. პროექტი მართლაც შთამბეჭდავია. მას ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელსაც საჩუქრად გადასცემს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს აღებული, უნდა გაგრძელდეს, უნდა შენარჩუნდეს და უფრო მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი უნდა გავაჩინოთ, დედაქალაქს ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, მომდევნო წლები იქნება ძალიან საინტერესო და პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული მოსახლეობისთვის, რომ თბილისი იქნება ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე რეკრეაციული სივრცეებისა და ზოგადად, მწვანე ზონების არსებობით, აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა კალაძემ.