„ნინიას ბაღი“ და „გაგაბრტყელებ ჯვარის მამის ლავაშივით“ – ძველთბილისური ფრაზეოლოგიის ისტორია

თბილისი მდიდარია ცნობილი გამოთქმებითა და ისეთი სიტყვათშეთანხმებებით, რომელთა წარმოშობის ზუსტი ისტორია ბევრმა არ იცის, თუმცა, ძირითადად, მათ ყველა სწორად იყენებს. ერთ-ერთი ასეთი მარგალიტი „ნინიას ბაღია“, რომელსაც ადამიანები დღესაც ძალიან ხშირად იყენებენ, თანაც – არამხოლოდ თბილისში.

„ნინიას ბაღის“ ისტორია სათავეს მე-20 საუკუნის პირველივე წლებში იღებს. ერთ-ერთ ქართველ ვაჭარს, ნინია ზარიძეს მაშინდელ ვორონცოვის მოედანთან (დღეს – ზაარბრიუკენის მოედანი) საკუთრებაში ჰქონდა ბაღი, რომელშიც შესვლა უფასო ყოფილა. ამ გამოთქმასაც სწორედ ისეთ შემთხვევაში იყენებენ, როცა საქმე რაიმე უფასოს, მარტივად ხელმისაწვდომს ეხება.

„ნინიას ბაღისგან“ განსხვავებით, მორიგი ძველთბილისური გამოთქმის – „გაგაბრტყელებ ჯვარის მამის ლავაშივით“ – ისტორიის მოყოლა უფრო ვრცლადაა შესაძლებელი. მართალია, დღეს ის ისეთივე აქტუალური აღარაა, როგორც „ნინიას ბაღი“, თუმცა, ამ ისტორიის გაგებაც საინტერესო იქნება.

ალბათ, ბევრს გახსოვთ ქართული მხატვრული ფილმი – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. შესაბამისად, ისიც გემახსოვრებათ, როგორ ემუქრება ყარაჩოხელი გიჟუა თავად ავთანდილს და ჯვარის მამის ლავაშივით გაბრტყელებას ჰპირდება.

ჰოდა, ეს ამბავი ასე იყო:

იმდროინდელ თბილისში პური, ძირითადად, პურის მოედანზე ცხვებოდა, თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობით „ჯვარის მამის“ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამომცხვარი პური სარგებლობდა. იქაურობა, ძირითადად, მეპურეებით ყოფილა დასახლებული.

უბანში სულ რვა თონე ფუნქციონირებდა და სხვადასვა სახეობის პური ცხვებოდა: პური, ლავაში და შოთი. გადმოცემის თანახმად, ჯვარის მამის პური განსაკუთრებული სიფაფუკით გამოირჩეოდა და სეფისკვერის გემო ჰქონია. ამ პურს, ძირითადად, ქორწილებში და სამგლოვიარო ცერემონიების დროს იყენებდნენ. ფქვილი ოდესიდან ჩამოჰქონდათ. რაც შეეხება ლავაშსა  და შოთს, ეს, ძირითადად, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი იყო და განსაკუთრებული პოპულარობით კინტოებსა და ყარაჩოხელებში სარგებლობდა. ისტორიული წყაროების თანახმად, ჯვარის მამის პური სამ კაპიკად იყიდებოდა, გამხმარი – ორ კაპიკად. შოთი ერთი შაური ღირდა, ხოლო ლავაში – ორი შაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები