ავთანდილ ცინცაძე: ყველა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს წინ უძღვის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის მეოთხე ოლქში განხორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს წინ უძღვის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რაც დედაქალაქში ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა.

დეპუტატის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ძლიერი წვიმების დროს ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე წყალი გუბდება.

„დიდ დიღომში, და არამარტო, დიდ დიღომში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა ათწლეულების განმავლობაში არ შეკეთებულა. ჩვენი მთავრობის პირობებში,  საბურთალოს რაიონის მეოთხე ოლქში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განოხრციელებულა, რომელსაც წინ არ უძღვოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთება-რეაბილიტაციის პროცესი. ყველაფერი იმდენად საფუძვლიანად და ხარისხიანად კეთდება, რომ მომავალ ათწლეულებს გაუძლოს. არა მხოლოდ ქუჩების რეაბილიტაციისას, არამედ კორპუსების ეზოების მოპირკეთების დროსაც მიწისქვეშა კომუნიკაციებს აუცილებლად ვაწესრიგებთ. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ჩვენ თბილისის მოსახლეობას ვემსახურებით. ამ დროის განმავლობაში, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყველა ქუჩის რეაბილიტაცია მოგვეხერხებინა, თუმცა, ეს პროცესი ძალიან აქტიურად დაიწყო და ასევე გრძელდება“, – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა პრიორიტეტით არჩევს ქალაქის ხელმძღვანელობა სარეაბილიტაციო ქუჩებს – დეპუტატის განმარტებით, ეს ორ გარემოებაზეა დამოკიდებული: ქუჩის მდგომარეობასა და მნიშვნელობაზე.

„მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ დავასრულეთ პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც დიდი დიღმის უმნიშვნელოვანეს, ცენტრალურ ქუჩას წარმოადგენს. აქ გაუსაძლისი იყო ადამიანების გადაადგილება. შესაბამისად, მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ქუჩისა და მის ქვეშ არსებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია ქალაქის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენდა“, – განმარტა ავთანდილ ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები