თბილისის მერიის, შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის, შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს.
„შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. თუ დააკვირდებით, მერიის ყველა პროექტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რომ ისინი იყოს ადაპტირებული, ეს იქნება ავტობუსების შესყიდვა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გუშინ თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის, შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა. მსგავსი შინაარსის გეგმა თბილისისთვის პირველია და მისი მიზანია თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის გაზრდა, მათი შესაძლებლობების განვითარება და ბარიერების აღმოფხვრა. ამისათვის ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომელთა სისტემატურ გადამზადებას, გავაგრძელებთ ჩვენი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას და შევქმნით ახალ სერვისებს. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქე თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და მიაღწიოს პროგრესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.