თბილისის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს დაეხმარება

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია.

მისივე თქმით, განაცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე.

„ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული.

პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენელებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები