ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან

ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, –  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, თუმცა, ეს ვადა გახანგრძლივდება.

„პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დავხმარებოდით. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები ჰქონდათ აღებული იჯარით. მათ მიეცათ შეღავათი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლების სახით.

აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ, ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე  გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, დედაქალაქის მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადახდა და მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები