ესპანელი ბიჭი, რომელმაც მშობლებთან კონფლიქტის შემდეგ ეზოში თავისთვის სახლის ამოთხრა დაიწყო

თითქმის, ყველა მოზარდს მოსდის კონფლიქტი მშობლებთან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება პრობლემას. სანამ უმრავლესობა გულს სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლსა თუ მეგობრებთან გართობას აყოლებს, ახალგაზრდა ესპანელმა გადაწყვიტა პროტესტი უცნაური ხერხით გამოეხატა. მან სახლის ბაღში თავშესაფრის ამოთხრა დაიწყო. ბიჭი ყოველდღე გულმოდგინებით მუშაობდა და შედეგად, შესანიშნავი თავშესაფარი მოაწყო, ყველანაირი კომფორტის გათვალისწინებით.

20 წლის ანდრეს კანტომ საცხოვრებელი სახლის მოწყობა დაასრულა. კონფლიქტი ოჯახში მაშინ მოხდა, როდესაც ესპანელი ბიჭუნა 14 წლის იყო. მას მშობლებმა სპორტულ კოსტიუმში ჩაცმულს სოფელში სტუმრად წასვლა დაუშალეს, ამიტომ ბიჭმა სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. მიწისქვეშა სახლის მოსაწყობად მას 6 წელი დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზემ დროთა განმავლობაში გაუარა, მოზარდმა არ გადაიფიქრა წამოწყების ასრულება. მან ნამდვილი მიწისქვეშა სახლი მოაწყო თავისი სასტუმრო ოთახით, საძინებლით და ელექტროგაყვანილობით. სახლში გაყვანილია გათბობა, Wi-Fi და მუსიკალური სისტემა.

მაისიდან სექტემბრამდე „გამოქვაბულში“ ტემპერატურა სტაბილურია, დაახლოებით, +20 გრადუსი. ესპანური სიცხეების პირობებში, აქ ყოფნა ზაფხულში ძალიან კომფორტულია.

როგორც ანდრესი ჰყვება, სამუშაო საკმაოდ ძნელი იყო, ხანდახან მას ჰაერიც კი არ ჰყოფნიდა, მაგრამ ის არ ნებდებოდა. ამბობს, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ მოუვიდა ეს უცნაური იდეა თავში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები