„პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ – თბილისის საკრებულო კონკურსს აცხადებს

„პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ – ამ სახელწოდებით, თბილისის საკრებულო კონკურსს აცხადებს. კონკურსი, რომელიც სტარტს 2 ივნისიდან აიღებს, მიზნად სკოლის მოსწავლეების მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკის შეფასებას, პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში მოზარდების და საზოგადოების როლის გააზრებას ისახავს.
კონკურსის დაწყება დღეს დედაქალაქის საკრებულოში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და კონკურსისთვის შექმნილმა კომისიის წევრებმა დააანონსეს და საზოგადოებას კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად ბავშვთა დაცვის დღეს გაიმართა. მისივე თქმით, პროექტის მიზანია, პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ.
„ჩვენი სურვილია, რომ მოზარდებმა იგრძნონ საკუთარი ჩართულობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საკუთარი აქტივობით, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით, ინოვაციური და ორიგინალური ხედვებით დაეხმარონ თანატოლებს პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვაში. კორონავირუსის პერიოდი ყველა ჩვენგანისთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა განსაკუთრებით ბავშვებს მოუხდათ ყოველდღიურობის შეცვლა და ცხოვრების აქტიურ წესზე უარის თქმა. ჩვენი სურვილია, რომ კონკურსის საშუალებით ვნახოთ, თუ როგორ აქცია ბევრმა ეს დრო შესაძლებლობებად და შემოქმედებითი იდეები გაუჩნდათ მათ. ვიმედოვნებ, რომ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები კონკურსში აქტიურად ჩაერთვებიან და საკმაოდ კარგ და საინტერესო იდეებს შემოგვთავაზებენ “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კონკურსში „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ მონაწილეობას თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მონაწილეები შეძლებენ. მათ საკონკურსო ნამუშევრები კომისიას მიმდინარე წლის 2 ივნისიდან – 20 ივნისის ჩათვლით, მოკლე სამოყვარულო ვიდეოების სახით (1.5 წთ. – 3 წთ. ხანგრძლივობის) მითითებულ მისამართზე ectbilisi@gmail.com უნდა მიაწოდონ. საკონკურსო ნამუშევრები კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილ ფეისბუქ პლატფორმაზე: კონკურსი – პანდემია, როგორც შესაძლებლობა აიტვირთება.
კონკურსი მონაწილეებს ახალი ნიჭის, შესაძლებლობების აღმოჩენის და ინტერესების გამოვლენის შანსს მისცემს. გარდა ამისა, მოზარდებში გააძლიერებს მოტივაციას, საკუთარი ძალისხმევა თავიანთი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობისკენ მიმართონ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, აღნიშნული კონკურსით, საკრებულო უერთდება სლოგანს, რომელიც მსოფლიო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებმა ბავშვებს მიუძღვნეს -“გავერთიანდეთ, რათა შევცვალოთ პამდემიის გავლენა ბავშვებზე”.
„ჩვენც ვუერთდებით ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს და გთავაზობთ კონკურსს – ,,პანდემია როგორც შესაძლებლობა”, რომლის მიზანია ჩვენმა მოსწავლეებმა იგრძნონ საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობა მსოფლიო პანდემიის დამარცხებასა და პანდემიასთან ბრძოლაში. სკოლის მოსწავლეები, ვიდეორგოლების მეშვეობით, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და გაანალიზებენ პანდემიით გამოწვეულ რისკებს. მოვუწოდებ, თბილისში არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლას მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას, ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
• პოზიტიური ხედვა
• კრეატიული მიდგომა
• სცენარი და შინაარსი
• სოციალურ ქსელში კონკურსის ფეისბუქ გვერდზე მოწონებების რაოდენობა
• ფასეულობების სარგებელი
კონკურსის შედეგების შეფასებისთვის ხუთკაციანი ჟიური წარმოდგენილ ნამუშევრებს ინდივიდუალურად გაეცნობა, შეარჩევს, შეაფასებს და გამარჯვებულს 10 დღის განმავლობაში გამოავლენს. გამარჯვებულები სპეციალურ სიგელებსა და სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები