კახა კალაძე: ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის

„ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს რეფორმა, რომელსაც  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ,  ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს.

„როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს,  იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან  მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა,  ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი.  გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლობას  მხარდაჭერისა და  თანადგომისთვის. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში.  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული, ყველაზე მწვანე იყოს, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.  ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს  დავაკლებთ ამ ქალაქს, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები