დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, დედაქალაქის მერიის პროგრამაში უპირატესობა, პირველ რიგში, ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს ენიჭება.
„ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო, ხოლო მოძველებული ავტოპარკით გარემოსდაცვითი მიმართულებით ზრუნვა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა იყო კომპლექსური, რათა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, დაგვემატებინა ახალი სერვისები და სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად გაგვეუმჯობესებინა.
სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა, პირველ რიგში, ენიჭება ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ხოლო ბოლოს კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ ვამაყობ ყველაზე მეტად ამ დაწყებული რეფორმით, რომელიც იმდენად მაშტაბურია რომ დასრულებას წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემა, რომელსაც ხელს ვერავინ კიდებდა თანმდევი პოლიტიკური რისკების გამო, ყველა თავს არიდებდა მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ამის გამო უკმაყოფილებას, ოპონენტების მხრიდან კი, პოლიტიკური დემაგოგიის ფრონტის გახსნას. მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის.
მიმაჩნია, რომ სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორების დაწყება უდრიდა ერთგვარ შოკურ თერაპიას, მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის და ჩვენ გავრისკეთ ამ გამოწვევასთან შეჭიდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი ნამდვილად მეამაყება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას და ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მუნიციპალიტეტს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
„მიხარია და მჯერა, რომ როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი გუნდი, არამედ ყველა მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებენ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით.
ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები იმისთვის, რომ ეს მიმართულება მთლიანად იყოს მოწესრიგებული და გამართული. ყველა იმ კომპანიას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ რეფორმების განხორციელებაში გვეხმარება. ასევე, ადგილობრივ ქართველ ექსპერტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.