იგეგმება თუ არა საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინით აცრა – ამირან გამყრელიძის განმარტება

იგეგმება თუ არა საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინით აცრა Pfizer-ის ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ვაქცინების სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის იმიტომ, რომ ისინი თუ ინფიცირდებიან, საბედნიეროდ, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ამავე დროს არიან სერიოზული გამავრცელებლები,რადგან ეს მიმართულება ემხრობა სწორედ იმ შეხედულებას, რომ ბავშვები უნდა აიცრან. მეორე შეხედულებაა, რომ თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი. მაშინ შეიძლება, თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ კიდევ მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით  – ბავშვთა ასაკში. სანამ ჩვენ Pfizer-ის ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ მეტი მტკიცებულება იქნება. იცით, რომ ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ბრიტანეთისა და ევროპის მარეგულირებლები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა ეთერში ვერ გავაჟღერებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები