ამირან გამყრელიძე: საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, გამყრელიძის თქმით, აცრას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ, როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია – 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდვაქცინა. პირველ ყოვლისა, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.