„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – მზიურის პარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე ბავშვებისთვის ზღაპრის კუთხე მოეწყობა
1-ელ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს თბილისის მერიის მიერ მზიურის პარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – ბავშვებისთვის ზღაპრის კუთხესთან მოეწყობა.
15-დან 19 საათამდე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, მცირე კოსტიუმირებული წარმოდგენის თანხლებით, პატარებს საყვარელ ქართულ და უცხოურ ნაწარმოებებს წაუკითხავენ. იმავე სივრცეში, გიგანტური ზომის გასაფერადებელზე ბავშვებს ზღაპრების გმირების გაფერადებაც შეეძლებათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საბავშვო ლიტერატურისა და ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების წარმოდგენა, საპნის ბუშტების, ტიტანის რობოტებისა და ილუზიონისტის შოუ, ახალგაზრდული ბიგ-ბენდის კონცერტი, დრამერების სვლა, საცირკო სანახაობა, მიზანში სროლა, ლაბირინთები, მხიარული სტარტები და სხვა.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, წლის განმავლობაში, არაერთი საბავშვო ღონისძიება და პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. მათ შორისაა, 2022 წლის თებერვლისთვის, საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.