როგორ დააღწია კოპენჰაგენმა თავი საცობებს
ავტროტრანსპორტით გაჭედილი ქუჩები და საცობები – დიდი ხანია, ეს ყველაფერი 21-ე საუკუნის ქალაქების მთავარ გამოწვევად იქცა. ქალაქმგეგმარებლები ათასგვარ ხერხს და საშუალებას იგონებენ იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ, მაგრამ ამაოდ. თუმცა, გამონაკლისები არსებობს და ეს გამონაკლისი დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია.
მას შემდეგ, რაც დანიის დედაქალაქში მთავარი სატრანსპორტო საშუალება ველოსიპედი გახდა, კოპენჰაგენი საცობთან აღარ ასოცირდება. ქალაქში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ კოპეჰაგენელები ველოსიპედებზე გადაჯდნენ.
ცივი კლიმატის მიუხედავად, ამ ქალაქის 50% უპირატესობას სწორედ ველოსიპედს ანიჭებს. თითქმის ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით გაქირავების პუნქტებს, სადაც ამ ორთვლიანი ტრანსპორტის დიდი არჩევანია. განიერი და უსაფრთხო ველობილიკების საერთო სიგრძე ქალაქში 400 კილომეტრს აჭარბებს.
კოპენჰაგენელების განკარგულებაშია სატვირთო და საოჯახო ე.წ. ეტლიანი ველოსიპედები. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეა მოწყობილი, რომ მასში ერთი ან ორი ველოსიპედისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. საინტერესოა, რომ კოპენჰაგენში პოლიციელების ნაწილიც კი ველოსიპედებით გადაადგილდება. საქართველოსგან განსხვავებით, ველოსიპედები დიდი პოპულარობით სარგებლობს დანიელ პოლიტიკოსებშიც.