როგორ აღმოჩნდა სახლი ორ გზას შორის – ამბავი ჩინელი ქალის სიჯიუტეზე
ჩინეთის ქალაქ გუანდუნში არის ერთი პატარა სახლი, სადაც ტურისტები ხშირად მიდიან. ეს ნაგებობა არაფრითაა განსხვავებული, გარდა საკუთარი განლაგებისა. სახლი ორ გზას შორის არის მოქცეული, რადგან მისმა მფლობელმა კატეგორიული უარი განაცხადა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე.
სამშენებლო სფეროში არსებობს ასეთი ტერმინი – „ლურსმანივით სახლი“. როგორც წესი, ეს ის შენობაა, რომელიც ახალი კვარტლების საერთო წყობიდან გზებით, განლაგებით ან ხედით გამორჩეულია. ზუსტად ასე მოხდა ერთი ჩინელის, გვარად ლიანის სახლის შემთხვევაში.
ადგილობრივი ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს ხელისუფლებამ იმ მაცხოვრებლებს, რომელთა სახლებიც მშენებლობას ხელს უშლიდა, საცხოვრებელი ადგილი შეუცვალა. 47-მა ოჯახმა და 7-მა კომპანიამ მიიღო ბინა და დამატებით, ფულადი კომპენსაცია. მათ ტერიტორია ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვეს.
ლიანმა უარი განაცხადა იმავე სქემით მოქმედებაზე. როგორც ქალი ამბობს, ფულადი კომპენსაცია ძალიან ცოტა იყო. ხელისუფლება მას, 40 კვადრატული მეტრის ფართობის სახლის სანაცვლოდ, 2 ბინასა და 186 ათას დოლარს სთავაზობდა. ლიანისთვის ეს ცოტა აღმოჩნდა და მან 4 ბინა მოითხოვა. თანაც ფულადი დანამატი 287000 დოლარის ოდენობით. შედეგად, 10-წლიანი „ხვეწნის“ შემდეგ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი სახლი ჩქაროსნული გზატკეცილის არქიტექტორულ პროექტში შეეტანა. შესაბამისად, შენობა ორ გზას შორის „გაიჭედა“.
საბოლოოდ, გზატკეცილი აშენდა, ქალი კი, თავის ძველ სახლში დარჩა. მაგისტრალის ხმაურის გარდა, მას ახლა ტურისტების ხმაურიც აწუხებს, რომლებიც ახალი „ღირსშესანიშნაობის“ სანახავად უფრო და უფრო ხშირად მოდიან.