“რადიკალიზაცია გამოსავალი არასდროსაა”, – ასე ეხმაურება ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციას.
როგორც ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჭიროა ფართო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ტიპის ენერგეტიკული მოდელი გვინდა.
მისივე თქმით, საქართველოში, სხვადასხვა მიზეზით, 86-მდე ჰესია შეჩერებული.
„მე მაინც მიმაჩნია, რომ რასაც ახლა ვხედავთ, ეს მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პრობლემა არ არის. ეს აისბერგის წვერია. რეალურად, სხვადასხვა მიზეზით საქართველოში 86-მდე ჰესია შეჩერებული. ეს ჰესები „ნამახვანჰესისგან“ აბსოლუტურად განსხვავებულია: არც კაშხალია იქ, არც წყალსაცავები. მათი დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ჰესებია. რატომ ვთქვი, რომ აისბერგის წვერია: უნდა გავარკვიოთ, რატომ არ შენდება ეს ჰესები. გვჭირდება ფართო დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომაა ეს ჰესები გაჩერებული და რა ტიპის ენერგეტიკა გვინდა. მსოფლიო „მწვანე ენერგეტიკისკენ“ მიდის, ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ესაა. „მწვანე ენერგეტიკა“, როგორც ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო, შედარებით დაბინძურებულ წყაროებს ანაცვლებს. მაგალითად, ჰესებს, რომელთა მომარაგებაც ნახშირით ან გაზით ხდება. ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს: არ მინდა, შევიდე სიღრმეში, ეს მოთხოვნები რამდენად სწორია და რამ გამოიწვია. ერთ რამეს ვიტყვი, რომ, ზოგადად, რადიკალიზაცია გამოსავალი არასდროსაა. ამ მოთხოვნების ნაწილი რადიკალურია. რადიკალიზაცია ნიშნავს იმას, რომ აქ არის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ხელისუფლებამ შეიძლება, არ გაითვალისწინოს და ამაზე არ წავიდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში ყველაზე დიდი ინვესტიცია ენერგეტიკაში შემოდიოდა.
„როგორც აღვნიშნე, საჭიროა ფართო დისკუსია იმაზე, რა ტიპის ენერგეტიკული მოდელი გვინდა. ბოლო წლებში ყველაზე დიდი ინვესტიცია ენერგეტიკაში შემოდიოდა. ფაქტობრიავდ, თუ ვაჩერებთ ამას, ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციებს ვაჩერებთ. რაც უფრო რადიკალური პოზიცია იქნება, ინვესტორები მით უფრო აღარ შემოვლენ საქართველოში, მათ შორის, ენერგეტიკაში. მით უმეტეს, ძალიან ცუდი მაგალითი გვაქვს: 86 გაჩარებული ჰესი და, დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარვები აქვთ გაშლილი. მათ გუშინ მრავალრიცხოვანი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს და კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გაწყდეს.
„ჩვენ აქ დავრჩებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას. ამისთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდევ დაგვემატონ. მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე”, – განაცხადა აქციის ერთერმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ენკამ“ განცხადება გაავრცელა.
„ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.
მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არცერთი პრობლემური კითხვა და, ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით, დაგარწმუნოთ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლებისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას“, – აღნიშნულია „ენკას“ განცხადებაში.