კონსტანტინე სურგულაძე იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიერო ფასინოსთან. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი.

ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის აქტიურ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობაზე და – ახლო მომავალში, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განახლების მნიშვნელობაზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებს. ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივაზე, ცალკეულ ხედვებზე, ახალ ინიციატივებზე და ამ პროცესში იტალიის ჩართულობაზე. უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონულ გამოწვევებზე საუბრისას საქართველოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვის პროცესის, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის კონკრეტული ფაქტების შესახებ.
ამ კუთხით აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე რეაგირების და ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის მნიშვნელობა. საქართველოს ელჩმა იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის.
თავის მხრივ, პიერო ფასინომ აღნიშნა რა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, სრული მზადყოფნა გამოხატა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუციების ფარგლებში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნეს ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები