ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი საკოლექციო მონეტა გამოსცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ახალი საკოლექციო მონეტა გამოსცა.
ეროვნულ ბანკში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – კობა გვენეტაძემ უმასპინძლა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, კომიტეტის ვიცეპრეზიდენტებს – ელგუჯა ბერიშვილსა და ნინო სალუქვაძეს. ასევე, ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში, რაფაელ ჩიმიშკიანს. ღონისძიებას დაესწრო სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება – “ტოკიო 2020” უცვლელი დარჩა.