თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შესყიდვის წესებით და მისივე ექსპერტების უშუალო ჩართულობით გამოცხადდა, აქედან გამომდინარე, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ღია ტენდერში რაიმე დარღვევას თუ გარიგებას ჰქონდა ადგილი.
„ავტობუსების ტენდერი გამოცხადებულია EBRD-ის შესყიდვის წესებით და თითოეულ გადაწყვეტილებაში ჩართულები იყვნენ EBRD-ის ექსპერტები. მათი დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა გამარჯვებული. ტენდერი იყო ღია და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობა. როდესაც კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, ისინი შეფასდნენ და ვისი პირობაც იყო შესაბამისობაში და ჰქონდა ფასი მითითებული, იმ კომპანიამ გაიმარჯვა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, შეუძლებელია პროდუქციის ფასების შედარება სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით, რადგან ღირებულებას სხვადასხვა კომპონენტი, მათ შორის, ავტობუსის პარამეტრები და ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვრავს.
„არა მარტო ავტობუსის, არამედ ნებისმიერი საქონლის შესყიდვის დროს, მით უმეტეს, როდესაც ამ საქონლის აწყობა ხდება სხვა ქვეყანაში, ფასის განსაზღვრისას მოქმედებს ბევრი კომპონენტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთი და იმავე პროდუქტის მიწოდება უნდა ღირდეს ერთი და იგივე ფასი. აქ მოქმედებს პირველ რიგში ტრანსპორტირების ხარჯები, თვითონ ავტობუსის პარამეტრები და სპეციფიკაციები. შეიძლება ერთი და იმავე მოდელის ავტობუსი ღირდეს სხვადასხვა ფასი მისი აღჭურვილობიდან გამომდინარე. მხოლოდ ფასების შედარება არასწორია“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.