თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ დედაქალაქის ურბანული განვითარების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელთაგან ყველაზე მთავარი განვითარების გენერალური გეგმის მიღება იყო.
როგორც მან ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, გენგეგმის პარალელურად, რამდენიმე მთავარი საკითხის გამოყოფა შეიძლება.
„პირველი და უმთავრესი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმაა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის გრძელვადიან, სტაბილურ და სწორ განვითარებას. ცხადია, გენგეგმის დამტკიცებას ქალაქისთვის მთელი რიგი ცვილებები მოჰყვა.
მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონის აღდგენაც. დამატებით, 4 მილიონი კვ მ ტერიტორიას მივანიჭეთ მწვანე სივრცის სტატუსი. განვსაზღვრეთ 5 ახალი საპარკო არეალი, აიკრძალა სამშენებლო კოეფიცინეტების გადამეტება და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც უნაკლოდაა შესრულებული, ეს არის არცერთი ნებართვა სკვერის, პარკისა და სპორტული სივრცის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.