თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. ინსპექციის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.
„არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟი მოახდინა.“ – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.