„საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე 10 765 ნერგი ირგვება

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 10 765 ნერგს რგავს.

სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დღეს ადგილზე გაეცნო.

„ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაახლოებით, 6.6 ჰექტარი ტყე აღდგა. ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება, ასევე, ეწყობა სარწყავი სისტემა, რათა ნერგების გახარებისა და ზრდისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ტერიტორიაზე ჯამში, არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე ირგვება. კერძოდ, 2153 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 2153 ძირი კავკასიური აკაკი, 2153 ძირი ჩვეულებრივი იფანი, 2153 ძირი ჰიმალაის კედარი, 1077 ძირი ჩვეულებრივი ნუში და 1076 ძირი თრიმლი. რგვისა და სარწყავი სისტემა მოწყობის პარალელურად, ადგილზე განოყიერებული მიწის შეტანის სამუშაოც მიმდინარეობს. ამასთან, ახლადდარგული მცენარეების დაცვის მიზნით,  ტერიტორიის შემოღობვაც იგეგმება.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები