გიორგი მაჩაბელი – ქართველი „სუნამოების პრინცი“ ნიუ-იორკში

შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, „სუნამოების პრინცად“ წოდებული გიორგი მაჩაბელი 1885 წელს დაიბადა. ნაციონალისტური სულისკვეთება სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამოამჟღავნა, როცა სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა და ის დავით ღოღობერიძესთან ერთად მიიღეს ტევტონურ ორდენში. ამ პერიოდში შეძენილი გერმანელი მეგობრები შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობისას გიორგის დიდ დახმარებას გაუწევენ. აკადემიაში სტუდენტებს, როგორც მუშებს, თვეების მანძილზე ამუშავებდნენ მაღაროებში, ამან მაჩაბელი თეთრი და შავი სამუშაოს თანაბარი დაუზარლობით შესრულებას მიაჩვია. აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო, ხან მეზღვაური იყო, ხამ მძღოლი და ხან შიკრიკი.

ბერლინში დაბრუნებისას შვედეთში გაიცნო ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარული, იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი, სცენური ფსევდონიმით – მარია კარმი. მას სახელი განსაკუთრებით მადონას როლის შესრულებამ გაუთქვა, თავისი პირველი ქმრისმ დრამატურგ მაქს რეინჰარტის პიესაში – „სასწაული“. გიორგიმ ნორინას სიყვარული იტალიურის უმოკლეს ვადაში შესწავლით დაუმტკიცა და 1916 წელს ისინი დაქორწინდნენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, გიორგი მაჩაბელი  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი იყო. I მსოფლიო ომის დროს ბელგიაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ დაარსა და კავშირი გააბა 1914 წ. შექმნილ ჟენევის „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან“, რომლის ფილიალიც მან საქართველოში გახსნა. ის გახლდათ გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული დავალებების შესრულებას, თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან და ხან რევოლუციონერებთან.

გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით, გერმანული დინასტიით სათავეში ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა – საქრთველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნულ–დემოკრატ მიშო მაჩაბლის ასული მარინა, მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს საკითხი აღარ დასმულა.

გიორგი მაჩაბელი დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახლდათ იტალიაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ნორინა სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა, მორის გეტმა ის ნიუ–იორკში მიიწვია და ხელახლა დადგა „სასწაული“. წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ სპექტაკლი ათასჯერ წარმოადგინეს.

1922 წელს გიორგიც ამერიკაში გადასახლდა. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ და როგორც საქმოსანმა, სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა, არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წელს დააარსა პარფიუმერული კომპანია „Prince Matchabelli“, რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, გახლდათ „საქართველოს დედოფალი“. მას მოჰყვა „პრინცესა ნორინა“, „დიუშეს ოფ იორკ“, „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი „აბანო„, ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“, დაპრესილი პუდრი და პომადა.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასსავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა დააკომპლექტეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელიწადში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო, ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა, ძირითადად, ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში.

გიორგი მაჩაბელი, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო პავლე კვარაცხელიასთან ერთად 1931 წელს შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გიორგი მაჩაბელი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს.

1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი ერთმანეთს დასცილდნენ. 1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიში, მაგრამ გზაში გაცივდა და ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წელს კი, ბრენდი „Prince matchabelli“ სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა.ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა  ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები